საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წარმომადგენლები მუშაობისთვის საჭირო პირობების შექმნას ითხოვენ

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წარმომადგენლები, რომელთაც საქმიანობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აქვთ შეზღუდული, ხელფასის დანიშვნას და მუშაობისთვის საჭირო პირობების შექმნას ითხოვენ.
მათ შესაბამისი წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართეს.
“როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის სექტემბერში, პარლამენტის მიერ დამტკიცდა სსიპ “საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს” საბჭოს შემადგენლობა, საბჭოს თავმჯდომარე და სააგენტოს უფროსი. სააგენტო დაუყოვნებლივ შეუდგა მუშაობას და მოახდინა: 1) სააგენტოს დებულების 2) საშტატო ნუსხის 3) სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის და 4) სააგენტოს 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცება. სააგენტოს ხსენებულ სხდომაზე, საბჭოს წევრის სტატუსით მონაწილეობდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
მიმდინარე წლის ოქტომბერში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააგენტოს საბჭოსა და სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება შეეზღუდათ გარკვეული ოპერაციების წარმართვისათვის, მაგრამ მთელ რიგ საკითხზე მუშაობის უფლება კვლავ ძალაშია.
შესაბამისად, სააგენტოს მუშაობისთვის საჭირო აუცილებელი პირობები (სამუშაო შენობა, კომპიუტერული ტექნიკა, სახელფასო ბიუჯეტი და სხვა), რაც კანონის მიხედვით ეროვნული ბანკის მიერ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ამ ეტაპზე არ შესრულებულა. ასევე არ არის განსაზღვრული სააგენტოს საბჭოს წევრების სარგო. გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის კომიტეტს კანონის შესრულების მონიტორინგის განხორციელება”, – ნათქვამია დავით უსუფაშვილისადმი გაგზავნილ წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები