ილინოისის უნივერსიტეტი: გიორგი კვირიკაშვილი ძალიან ჭკვიანი და ინოვაციური ადამიანია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნას ეხმაურება ილინოისის უნივერსიტეტის გაზეთი სტატიით: „უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა“.
ფინანსების პროფესორი მორგან ლინჯი, რომელიც საქართველოს პრემიერს სტუდენტობისას ასწავლიდა, ამბობს: გასაკვირი არ არის, რომ ასეთი ადამიანი გახდა პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრი, რადგან გიორგი კვირიკაშვილი ძალიან ჭკვიანია, სამშობლოზე გული შესტკივა და მისთვის სამსახურის გაწევა უნდა.

„ილინოისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ოთხშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშნეს.
კვირიკაშვილს მინიჭებული აქვს უნივერსიტეტის ფინანსების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ფინანსების პროფესორი მორგან ლინჯი, რომელიც სტუდენტობისას ასწავლიდა კვირიკაშვილს, სასიამოვნოდ გააკვირვა მისი ყოფილი სტუდენტის დანიშვნამ. ილინოისის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 17 წელია კვირიკაშვილს ურთიერთობა არ გაუწყვეტია პროფესორ ლინჯთან.
„ძალიან ჭკვიანია. თავის სამშობლოზე გული შესტკივა და მისთვის სამსახურის გაწევა უნდა“, – განაცხადა ლინჯმა.
ლინჯს მიაჩნია, რომ კვირიკაშვილის პიროვნულმა თვისებებმა და განათლებამ  ასეთ მაღალ თანამდებობაზე მის დანიშვნაში დიდი როლი შეასრულა.
„ძალიან ჭკვიანი, ინოვაციური და ენერგიული ადამიანია. არ არის გასაკვირი, რომ ასეთი ადამიანი გახდა პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ლინჯმა.
საგარეო საქმეთა მინისტრობის და ეკონომიკის მინისტრობის დროს კვირიკაშვილი ხელს უწყობდა ყველა იმ ინიციატივას, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის განმტკიცებასა და უცხოელი ინვესტორების თვალში ქვეყნის მიმზიდველობის გაზრდას ემსახურება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესრელიზის თანახმად, პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ „საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ დავამკვიდრებთ საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის იმიჯს, რომელიც, ამავე დროს, არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები