საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის კონგრესმენს მაიკლ როჯერსს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის კონგრესმენთან – მაიკლ როჯერსთან და მის თანმხლებ დელეგაციასთან სამუშაო სადილი გამართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე ავიდეს. მხარეებმა განიხილეს უკრაინის მოვლენები და, ზოგადად, რეგიონში შექმნილი ვითარება. ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის პერსპექტივასა და ამ პროცესში აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა აქტიური ჩაბმულობის მნიშვნელობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესმენ მაიკლ როჯერსს და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.