კათოლიკურ შობასთან დაკავშირებით რომის პაპმა ვატიკანში წირვა აღავლინა
მილიონობით ქრისტიანი მსოფლიოში – კათოლიკეები, პროტესტანტები და ზოგიერთი ეკლესიის მართლმადიდებლები ერთ-ერთ მთავარ ქრისტიანულ დღესასწაულს – შობას აღნიშნავენ.
რომის პაპმა ფრანცისკემ, რომლისთვისაც ეს მესამე შობაა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარის პოსტზე, ვატიკანში წირვა აღავლინა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პაპმა საშობაო ქადაგებაში მოუწოდა ყველას, ვინც „გარეგანი სიკაშკაშით და მომხმარებლური სულით არის გაბრუებული“, ცხოვრების ფასეულობებზე იფიქროს. მან ისაუბრა ქველმოქმედებაზე, თანაგრძნობის, განცდის გაზიარების და სამართლიანობის თემებზე.
„საზოგადოება გაბრუებულია მომხმარებლური სულით და სიამოვნების წყურვილით, სიმდიდრით და ფუფუნებით, საკუთარი თავის სიყვარულით და ამაოებით. იესო კი თავშეკავებული ცხოვრებისკენ, უბრალოებისა და თანამიმდევრობისკენ მოგვიწოდებს, ანუ ყველაფერ იმისკენ, რაც აუცილებელია მნიშვნელოვანის აღსაქმელად“, – აღნიშნა რომის პაპმა.
მისი თქმით, ადამიანებმა საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა უნდა განავითარონ, რათა ღმერთის ნების შესაბამისად იმოქმედონ. „შობა ეს არის დრო, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ, ვინ ვართ ჩვენ“,- განაცხადა ქადაგების დროს ფრანცისკემ.
საშობაო ქადაგების მოსასმენად ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში 10 ათასი ადამიანი მივიდა.