„იმედი მაქვს, რუსეთთან ვიზების საკითხი უახლოეს ხანში დადებითად გადაწყდება“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია NDI-ს კვლევებს არ ენდობა. როგორც ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, NDI-ის კვლევები არჩევნების შედეგებს ტრადიციულად არ ემთხვევა. მისი თქმით, NDI -ის კვლევების მიხედვით ევრაზიული კავშირის მომხრეთა მაჩვენებელი არაბუნებრივად მაღალია.
„თუ ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობა 24%-ია, მაშინ ამის ნახევარი ხომ უნდა იყოს პრორუსული პარტიის მომხრე? ბურჯანაძის პარტიის მომხრეთა რიცხვი დღეს 3% -ია, როცა ლოგიკურად ამ მაჩვენებლით უნდა გაზრდილიყო მისი ამომრჩევლის რიცხვი. ბევრი შეუსაბამობაა. არ ღირს ამ კვლევის სერიოზულად განხილვა. ჩვენ ევროკომისიამ დადებითი დასკვნა მოგვცა, ეს ჩვენი გზაა და ამ გზას უნდა გავუყვეთ. ჩვენი კურსი ძალიან მკაფიო და პირდაპირია“,- აცხადებს ნუკრი ქანთარია.
დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის დამსახურებაა არა მხოლოდ ევროპის კავშირთან მიღწეული წარმატება, არამედ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც რუსეთმა შესაძლოა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.
„რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს. ესეც ჩვენი პოლიტიკის შედეგია. ჩვენ შევეცადეთ, ტემპერატურა დაგვეწია, არ ავყევით პროვოკაციებს და როგორც აბაშიძე-კარასინის, ისე ჟენევის ფორმატში რეალური მუშაობა იყო. ეს გარკვეულწილად შედეგად გადაიქცა. თუ სავიზო რეჟიმი გაუქმდება, ძალიან კარგი იქნება. ეს გარკვეულწილად კავშირშია ვიზალიბერალიზაციის საკითხთან, მაგრამ ესეც ჩვენი ხელისუფლების რეალისტური შრომის შედეგია. ძალიან კარგია, რაც ითქვა, დანარჩენი უკვე მასზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რუსეთთან ვიზების საკითხი უახლოეს ხანებში დადებითად გადაწყდება“, – განცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები