„თი-ბი-სი“ ბანკმა „ახალი მზიურის” ფონდში 50 000 ლარი ჩარიცხა

„თი-ბი-სი“ ბანკმა „მზიურის” ტერიტორიაზე პარკის აღდგენის ინიციატივის მხარდასაჭერად და საკუთარი 23-ე იუბილის აღსანიშნად, „ახალი მზიურის“ ახალი წლის” ღონისძიება გამართა და მის ფონდში 50 000 ლარი ჩარიცხა.

როგორც „კვირას“ „თი-ბი-სი“ ბანკიდან აცნობეს, ერთი დღის განმავლობაში „მზიური” ყველა ასაკის ადამიანისთვის საახალწლო განწყობის, მხიარულების, თავგადასავლებისა და ქველმოქმედებაში ჩართვის საუკეთესო ადგილად იქცა.

ბანკმა საკუთარ იუბილეზე საჩუქარი ამჯერად “მზიურს” მოუმზადა. 5 000-ვე თანამშრომლის ჩართულობით, ბანკმა პარკის აღდგენა-გამოცოცხლებისთვის ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა. „თი-ბი-სი“ კერძო სექტორიდან „ახალი მზიურის” პროექტის პირველი მხარდამჭერი და გულშემატკივარია.

„ახალი მზიურის” პროექტის მხარდასაჭერად ბანკმა 5 000-ვე თანამშრომელი გააერთიანა და თითოეული მათგანი ქველმოქმედების მონაწილე გახადა. შიდა ქსელში, თანამშრომლების მიერ გაზიარებული ყოველი ვიდეოს, ერთწამიანი დადებითი ემოციის სანაცვლოდ, ბანკი „ახალი „მზიურის” ფონდში 10 ლარს რიცხავდა, თანხა კი საერთო ბიუჯეტს ემატებოდა. „ახალი მზიურის” პროექტი „მზიურის“ პარკის ფუნქციურად დატვირთვასა და გაცოცხლებას ისახავს მიზნად, უფრო ზუსტად, იქ არსებული კაფესა და ამფითეატრის განახლებას. პროექტის იდეის ავტორი ფოტოგრაფი ანა გოგუაძეა. კაფე სოციალური ხასიათის იქნება, მაშასადამე, არაკომერციული. მისი მოგება ისევ პარკს და სხვა სოციალურ-ინკლუზიურ პროექტებს მოხმარდება. კაფეში ლიტერატურული საღამოები, გამოფენები, პრეზენტაციები, თემატური დღეები (ხატვის, კითხვის, კულინარიული დღე და სხვ.) მოეწყობა. შემოსული თანხა კი პარკისა და სოციალურ-ინკლუზიური პროექტების განვითარებას მოხმარდება.

რაც შეეხება ამფითეატრს, ის ახალგაზრდა, უცნობ ხელოვანებს დაეთმობათ, სადაც კინოჩვენებები, მუსიკალური კონცერტები, დისკუსიები, ინკლუზიური სპექტაკლები გაიმართება.

„ახალი მზიურის” პროექტი, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დასრულდება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „თი-ბი-სი“ ბანკი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. „თი-ბი-სი“ ბანკი იყო პირველი კომპანია, რომელმაც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მასშტაბური საქველმოქმედო და სამოქალაქო აქტივობა წამოიწყო. ამ აქტივობას „თი-ბი-სი“ ბანკი ამჯერად „ახალი მზიურის” პროექტის მხარდაჭერით აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები