დავით უსუფაშვილი ბეჟაშვილის ცემის ფაქტზე შს მინისტრს ესაუბრა
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა მინისტრს ესაუბრა. უსუფაშვილის განცხადებით, ამ ტიპის ინციდენტები ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე უნდა დაიგმოს და აღიკვეთოს.
“მინდა ყველა თქვენგანის საერთო წუხილს შევეხმიანო და აღვნიშნო, რომ პარლამენტის წევრებთან დამოკიდებულებაში გახშირდა გარკვეული – არც კი ვიცი რა დავარქვა, მოვლენები, რომელიც თუ ძალიან სწრაფად, ძალიან დროზე და ძალიან მაღალი სტანდარტით არ აღიკვეთა, მაშინ ცოტა ცუდ ვითარებას მივიღებთ და არა მხოლოდ პარლამენტში. გუშინ საღამოს ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ ინციდენტს, პარლამენტის წევრ ლევან ბეჟაშვილის მიმართ. თბილისის აეროპორტში მოქალაქის მხრიდან იყო ფიზიკური შეურაცხყოფის გარკვეული მცდელობა.
ამ შემთხვევაში ჩვენი კოლეგა დაზიანებული არ არის, მაგრამ არის დაზარალებული. მქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრთან. ვიცი, რომ მიმდინარეობს სათანადო ღონისძიებები და სათანადო ზომები.
თავად ლევან ბეჟაშვილის ჯანმართელობა საფრთხეში არ არის, მაგრამ ამ ტიპის დარღვევები და ინციდენტები ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე უნდა იყოს დაგმობილი და აღკვეთილი, არა იმიტომ, რომ ჩვენ განსაკუთრებული ადამიანები და მოვლენები ვართ, სხვისი დარტყმა და სხვისი ცემა შეიძლება და ჩვენი არა, არამედ იმიტომ, რომ როცა ხელი თუ მოქნეული ფეხი პარლამენტის ერთი წევრის წინააღმდეგ არის მიმართული, ეს ნიშნავს ამის ათასობით ადამიანის წინააღმდეგ გაკეთებას.
მინდა ყველას ვთხოვო, რომ ამ ტიპის მოვლენების მიმართ შევძლოთ და ვიყოთ პარლამენტი, როგორც პარლამენტში და არა ეს ფრაქცია, ის ფრაქცია, ვინ რას იმსახურებს ცხოვრებაში… ამ ტიპის ტექსტები ისმის ხოლმე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, თუკი პარლამენტი საკუთარ ავტორიტეტს და პრესტიჟს არ გაუფრთხილდება, შედეგიც შესაბამისი იქნება.
„ყველამ კარგად გავიაზროთ, რომ ის დღეა მნიშვნელოვანი, როცა ყუთში ბიულეტენს ვაგდებთ ჩვენც და სხვებიც და მას შემდეგ როგორებიც ვართ და რანაირებიც ვართ, უნდა მოგვითმინოს და აგვიტანოს საზოგადობამ, ყველა პარტიის წარმომადგენელმა.
მკაფიო და მკაცრი სტანდარტის არქონა ჩვენს საუბრებში და რიტორიკაში, შესაძლოა ვინმეს უქმნის იმის ფიქრის საფუძველს, რომ მერე რა მოხდა – გადაიხდის ჯარიმას, ან არ გადაიხდის ჯარიმას, ან იჯდება ერთი თვე და მერე რა მოხდა – მერე გამოვა. მოკლედ, ემოციები გამოვხატოთ ვერბალურად და ისიც კორექტულ ფორმებში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.