ირაკლი ღარიბაშვილი: კულტურასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის მსოფლიო რეპუტაციას სპორტიც ქმნის

კულტურასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის მსოფლიო რეპუტაციას ქმნის სპორტიც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა დღეს მთავრობის სამწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, თბილისმა ღირსეულად უმასპინძლა ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას – ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელიც უმაღლეს საერთაშორისო დონეზე ჩატარდა. მისივე თქმით, მაქსიმალურად ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა, შენდება უმაღლესი სტანდარტების დარბაზები, კორტები, სპორტული არენები.
“ის, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო მნიშვნელობის საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების მასპინძელი გახდა, ადასტურებს, რომ საქართველო სანდო პარტიორია საერთაშორისო საზოგადოებისთვის. თბილისმა ღირსეულად უმასპინძლა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას – ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელიც უმაღლეს საერთაშორისო დონეზე ჩატარდა. ასევე წარმატებით ვუმასპინძლეთ გრან-პრის ძიუდოში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს წყალბურთში, უეფას სუპერთასს ფეხბურთში და სხვა მაღალი რანგის ტურნირებს. ჩვენ მაქსიმალურად ვავითარებთ სპორტულ ინფრასტრუქტურას. ვაშენებთ უმაღლესი სტანდარტების დარბაზებს, კორტებს, სპორტულ არენებს, საცურაო აუზებს. დღეს სპორტსმენებს ყველა პირობას ვაძლევთ სრულფასოვანი ვარჯიშისთვის. ახალგაზრდებისთვის თაობისთვის ეს იქნება სტიმული ქართული სპორტის სახელოვანი ტრადიციების გასაგრძელებლად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა, თბილისის საკრებულოში შეკრებილ საზოგადოებას პარასპორტსმენი ირმა ხეცურიანი წარუდგინა, რომელიც პირველი ქართველი ეტლით მოფარიკავე ქალია.
“ირმა აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდანაა. სამწუხაროდ, უნივერსიტეტის პირველი კურსის ბოლოს მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობისა და ოპერაციის მიუხედავად, მოუწია უნივერსიტეტის მიტოვება, ცხოვრების წესის შეცვლა. მაგრამ ირმამ ახალი მიზნები დაისახა. აი შედეგიც: დღეს იგი პარიზის მსოფლიო თასის გამარჯვებული და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია პარაოლიმპიელ მოფარიკავეთა შორის. ირმას შეუპოვრობის, ყოველდღიური შრომის შედეგს, ვფიქრობ, შეიძლება სასწაული ვუწოდოთ. ირმასნაირი ადამიანები გვაძლევენ სტიმულს ცხოვრებაში, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყოველი მომდევნო დღე იყოს უკეთესი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამგვარი შრომა, მოქალაქეთა ნიჭის, უნარებისა და შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება მხოლოდ თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი. ამიტომ, უპირველეს ამოცანად რჩება დემოკრატიის გაღრმავება, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები