სერვისების განვითარების სააგენტო „ბილაინს“ ახალი მომსახურების დანერგვაში გაუწევს მხარდაჭერას (ვიდეო)

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოში  მობილურ ოპერატორს „ბილაინს“ ელექტრონული ხელმოწერის მხარდამჭერი მომსახურების დანერგვაში გაუწევს მხარდაჭერას.

„ბილაინის“ ახალი კონცეფციის გაყიდვების ოფისში, დღეს, სერვისების განვითარების სააგენტოსა და შპს „მობიტელს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა და „ბილაინის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა მოაწერეს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათ მიერ მიწოდებული სერვისებით, კომპანია შპს „მობიტელს“ საშუალება აქვს, მომხმარებლებთა ურთიერთობის პროცესში შექმნილ დოკუმენტებზე გამოიყენოს ელექტრონული ხელმოწერა და დაადასტუროს ხელმოწერის შესრულების თარიღი.

 ელექტრონული ხელმოწერით ეფექტურად სარგებლობისთვის კომპანიაში დანერგილია საერთაშორისოდ აღიარებული უსაფრთხოების სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა მაქსიმალურ დაცვას და შეუძლებელს ხდის ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებას სხვა დოკუმენტზე. ასე რომ, მომხმარებლებს შეუძლიათ დაზოგონ დრო და მშვიდად და უსაფრთხოდ გააგრძელონ ურთიერთობა კომპანიასთან.

„სერვისების განვითარების სააგენტომ ამ ინოვაციური პროდუქტის (ელექტრონული ხელმოწერა) მხარდამჭერი სერვისების, კერძოდ, შიფრაციის სერტიფიკატის და დროის აღნიშვნის (Timestamp) შეთავაზება უკვე დაიწყო კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებისთვის, ვინც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული. ეს მომსახურება კომპანიებს საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად შეამცირონ მომსახურების დრო, რაც მომხმარებლისთვის ძალიან მოსახერხებელია”, – განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.

მნიშვნელოვანია ის, რომ ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შემცველი დოკუმენტი საშუალებას იძლევა, ექსპერტიზა ჩაუტარდეს ფიზიკური პირის ელექტრონულ ხელმოწერას და განხორციელდეს ხელმომწერი პირის იდენტიფიცირებაც.

”ჩვენ  მოხარულები ვართ, რომ   მოგვეცა  საშუალება,  აბონენტებისთვის შეგვეთავაზებინა  კიდევ ერთი  ჩვენი  ახალი კონცეფციის გაყიდვების ოფისი, ციფრული თანამედროვე ტექნოლოგიების სადემონსტრაციო სივრცე, სადაც  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით მომხმარებელს შევთავაზებთ  ინოვაციურ მომსახურებას, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა  აბონენტებმა ჩვენი სერვისები კიდევ უფრო   მარტივად და სწრაფად მიიღონ”, – განაცხადა „ბილაინის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები