ირაკლი ღარიბაშვილი: დაახლოებით მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს საქართველო შეღავათიან ფასად მიიღებს

2019 წლიდან დაახლოებით მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს საქართველო შეღავათიან ფასად მიიღებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის 3-წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა სამი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურმა ერთ-ერთ გამორჩეულ მიმართულებად „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტის ფარგლებში თურქეთთან ერთიანი ენერგეტიკული სისტემის შექმნა დაასახელა, რაც თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას გაზრდის.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, წელს წარმატებით დასრულდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტი, გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის ღირებულებამ 230 მილიონი დოლარი შეადგინა.
მისივე თქმით, მალე დაიწყება მდინარე ენგურის შენაკადზე ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის წლიური გამომუშავება 1 მილიარდ 200 მლნ კვტ/სთ, ხოლო პროექტის ჯამური ღირებულება – მილიარდი დოლარია.
“ ექსპლუატაციაში შევიდა 10 ჰიდროელექტროსადგური. განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა 104 პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 4 მილიარდ დოლარს აჭარბებს. დაიწყო მუშაობა ქარის სადგურების მშენებლობის პროექტზე. შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება. 2019 წლიდან დაახლოებით მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს საქართველო შეღავათიან ფასად მიიღებს. მიმდინარეობს მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა. მიმდინარე წელს 76 სოფლის გაზიფიცირება განხორციელდება. 22 სოფელში, რომლებშიც ხალხი წლების განმავლობაში უშუქოდ ცხოვრობდა, ელექტროენერგიის შეყვანა დაიწყო, მათ შორის არის სოფელი მუცო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა ჰესების მშენებლობაზე საუბრისას განაცხადა, მთავრობა ყველა პროექტს ყურადღებით სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას.
“ძალიან კარგად მესმის, რომ მოსახლეობაში შეიძლება იყოს გარკვეული კითხვები ჰესების მშენებლობის თაობაზე, მაგრამ მინდა განვუმარტო მოსახლეობას ჩვენი პოზიცია: იმისათვის, რომ მსოფლიოს სწრაფი განვითარებისგან განზე არ ვიყოთ, განვითარებული ინდუსტრია, მატერიალური რესურსები, შესაბამისად, მეტი ენერგია გვესაჭიროება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჰესები ავაშენოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, უნდა ავაშენოთ გონივრულად. ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი ბუნების ფასი. ასე რომ, მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველა პროექტს მაქსიმალურად გონივრულად ვსწავლობთ და ამის შემდეგ ვღებულობთ გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები