პარლამენტში “საგადასახადო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცეს

პარლამენტში, მთავრობის მიერ წარდგენილი “საგადასახადო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები მესამე მოსმენით – 73 ხმით დაამტკიცეს.
აღნიშნული ცვლილებებით მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება, განსაზღვროს საქმიანობის სახეები, რომლის განხორციელების შემთხვევაში, პირებს შემოსავლის 3%-იანი ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების უფლება ექნებათ. ამავე პროექტით, ოლიმპიადებზე და ფესტივალებში გამარჯვებისთვის, ან საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება. გარდა ამისა, ფიზიკურ პირებს, რომელიც ბაზრობის ტერიტორიაზე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების გარეშე საქმიანობენ, ეს შეღავათი 2018 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდებათ. ამავე პროექტის მიხედვით, 2015 წლის 13-14 ივნისს, თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, საწარმოს ან ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფოსთვის ან ადგილობრივი თვითმმართველობისათვის უსასყიდლოდ გადაცემული ფულადი სახსრები, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები