დავით უსუფაშვილი ევროკომისიის დასკვნაზე: ამ მიღწევას სათანადო გამოყენება სჭირდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ქვეყნის დიდი გამარჯვება უწოდა და განაცხადა, რომ ქართველები დღეს უფრო ევროპელები არიან, ვიდრე გუშინ იყვნენ.
მისივე თქმით, ეს არის ქვეყნის დიდი აღიარება და ქართველი ხალხის სანუკვარი ოცნების სერიოზული ნაწილის ახდენა.
„ამ მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ. ეს არის ქვეყნის დიდი აღიარება და ქართველი ხალხის სანუკვარი ოცნების სერიოზული ნაწილის ახდენა.
დღეს ჩვენ უფრო ევროპელები ვართ, ვიდრე გუშინ ვიყავით. ჩვენ ყოველთვის ასე ვფიქრობდით, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროპაც ასე ფიქრობს და იმ ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად სულ რამდენიმე თვე დარჩა, როდესაც ჩვენ საქართველოსა და ევროპას შორის საზღვარი აღარ იარსებებს.
ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა დღევანდელი მთავრობის, გუშინწინდელი ხელისუფლებისა და თითოეული ჩვენგანის. ამიტომ, თითოეულ მოქალაქესა და პოლიტიკოსს ვულოცავ, მიუხედავად იმისა, გუშინ და გუშინწინ სხვა თემებზე ვინ რას ფიქრობდა და როგორ ვფიქრობდით.
ამ მიღწევას სათანადო გამოყენება სჭირდება იმიტომ, რომ ევროპასთან და საქართველოს შორის საზღვრების გაუქმება არის არა მხოლოდ გადაადგილების თავისუფლება, არამედ ეს მნიშვნელოვანი სიმბოლური მოვლენაცაა.
ამის შემდეგ ჩვენ გაცილებით უფრო მეტად უნდა ვიტვირთოთ ის პასუხისმგებლობაც, რაც ევროპას აკისრია. ჩვენ ჩვენი საერთო უსაფრთხოება ერთად უნდა უზრუნველვყოთ. დღევანდელი დღე ამაღელვებელი და მნიშვნელოვანია. ვისაც პასპორტში ვიზები გაქვთ, ეს გვერდები არ ამოხიოთ, რადგან ამ საკითხების ბოლომდე მიყვანას რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდება.
თუმცა, 2016 წელი ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება ხაზგასმული ჩვენს ცხოვრებაში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ საქართველოს მიერ შესრულების შესახებ ანგარიში ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები