ბიზნესმენები პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებას სთხოვენ

ბიზნესმენები პარლამენტის მიერ ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების შესახებ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტს ვეტოს დადებას სთხოვენ.
ბიზნესმენებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს შეხვდა.
აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვეტოს დადების მოთხოვნით ქვეყანაში არსებულმა ბიზნესასოციაციებმა საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიმართეს. შეხვედრა ბიზნესმენთა ასოციაციის და საქართველოს ბანკების ასოციაციის ინიციატივით გაიმართა.
„ბიზნესმენებს საქართველოს პრეზიდენტის დავალებით შევხვდი. მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, არგუმენტები „საპოლიციო გამოსახლებასთან“ დაკავშირებულ ცვლილებებზე ვეტოს დადების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ჯერჯერობით კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, შესაბამისად ამ ეტაპზე ჩვენ აქტიურად ვსწავლობთ არსებულ ვითარებას.
ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ ერთი შეხვედრა მოხდეს ბიზნესმენებთან, მას შემდეგ, რაც კანონპროექტი პრეზიდენტთან გადმოიგზავნება.
თემას ბიზნესმენებთან ერთად ვსწავლობთ, რის შემდეგაც პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ. ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს საკითხი თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, ასევე, ბიზნესგარემოს სტაბილურობისათვის, თითოეული მოქალაქის, თუ იურიდიუული პირისათვის თავიანთი საკუთრების უფლების რეალიზაციის პროცესში. „საპოლიციო გამოსახლებასთან“ დაკავშირებულ ცვლილებების ამოქმედება საკუთრების უფლების დაცვის ეფექტური მექანიზმის გარეშე ტოვებს ქვეყნის მოქალაქეებს, წარმოშობს პრობლემებს საბანკო სექტორში, ნეგატიურად აისახება უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე და ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები