“ჩვენ ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადავალთ”

„ქართული ოცნების“ საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ევროკომისიის დასკვნა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, დღის ბოლომდე გამოქვეყნდება.
როგორც ცქიტიშვილმა “პირWელთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული დასკვნა შინაარსობრივად საქართველოსთვის დადებითი იქნება.
მისივე თქმით, ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადავა.
„დღეს პრემიერმაც განაცხადა, რომ არაოფიციალურად მან მიიღო შეტყობინება და პრინციპში, მოგვილოცა. დღევანდელი ოფიციალური განცხადება დარწმუნებული ვარ, ამას დაადასტურებს. ამით, საქართველოს ევროკავშირთან დახლოების ეს ერთი ეტაპი დასრულდა და ჩვენ ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადავალთ. აქ ვიზალიბერალიზაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ადამიანებს, საზოგადოებას ერთმანეთთან ექნება კავშირი, რაც ქართული საზოგადოების გაევროპელებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ეს უზარმაზარი ნაბიჯია, რომელიც ქართული სახელმწიფოს განვითარებას შეუწყობს ხელს, ეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპი იყოს“,-აღნიშნა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო. როგორც საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დასკვნა დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს.
17 დეკემბერს კი, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროკომისიის დასკვნა 18 დეკემბერს გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები