ზვიად ძიძიგური: საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ამომრჩევლებს თანაბარი ხმის უფლება ექნებათ

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ეხებოდა, განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებას საარჩევნო კანონმდებლობაში ასეთი ცვლილებები რომ განეხორციელებინა, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.
ძიძიგურის განცხადებით, საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ამომრჩევლებს თანაბარი ხმის უფლება ექნებათ.
“მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს 47 ათას ამომრჩეველზე ვასწორებთ. ის, თუ რამდენად არის ეს ხელისუფლებისათვის მომგებიანი და მასზე მორგებული, ამაზე ვიტყვი, რომ როცა ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიის და ლენტეხის ხუთი საარჩევნო ოლქის ერთ საარჩევნო ოლქად გაერთიანებას ვახდენთ და გამოთავისუფლებულ მანდატებს თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თელავსა და სხვა თვითმმართველ ქალაქებში ვანაწილებთ, ოპოზიცია ამისთვის ყოველთვის ბედნიერი იქნებოდა.
წინა ხელსიუფლებას ეს რომ გაებედა და გაეკეთებინა, მე გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ თბილისში 22 მაჟორიტარი, ეს არის ძალიან კარგი და ძალინ სწორი, რაც ოპოზიციისთვის კარგი იქნებოდა. თან თუ ამას 50%-იანი ბარიერიც დაემატებოდა, თქვენგან განსხვავებით, ვიტყოდი, რომ ეს არის კარგი გადაწყვეტილება და არ არის ხელისუფლებაზე მორგებული ცვლილება”, – განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებებით, 61 მაჟორიტარული ოლქი 10%-იანი გადახრის ფარგლებში ჯდება, ხოლო 12 ოლქი – 10%-დან 15%-მდე გადახრის ფარგლებში. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლას – ცალკეული ოლქების გაერთიანებას და ცალკეული ოლქების დაყოფას გულისხმობს, კამათის ფონზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები