დიმიტრი ქუმსიშვილი: დღეს ქვეყანას დიდი დღე აქვს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანას დიდი დღე აქვს. ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიური დასკვნა მთელ საქართველოს მიულოცა.
მინისტრის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ამ სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში 65-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა.
80-მდე კანონქვემდებარე აქტი იქნა მიღებული. 9 ეროვნული სტრატეგიაა განხორციელებული და როგორც ქუმსიშვილი ამბობს, რატიფიცირებულია შვიდი საერთაშორისო კონვენცია.
„მინდა კიდევ წინასწარ, ისევე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, მივულოცო ყველას ის, რაც დღეს დაანონსდება. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ამ სამი წლის მანძილზე ქვეყანაში 65-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. 80-მდე კანონქვემდებარე აქტი იყო მიღებული. 9 ეროვნული სტრატეგია განხორციელდა და ასევე, რატიფიცირებული იყო შვიდი საერთაშორისო კონვენცია.
ყველაზე კარგი რაც არის – გაქვს მოლოდინი, რომ ჩვენთვის იქნება აბსოლუტურად უპირობოდ დასკვნა წარმოდგენილი და ჩვენ ყველა ეს ქმედება ჩაგვეთვალა სრულად შესრულებულად. დღეს ჩვენ დიდი დღე გვაქვს, კარგი დღე გვაქვს, სრულიად ვართ ევროპაზე კონცენტრირებულები“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.