ცესკო აუდიტის ანგარიშისა და გამოძიების დაწყების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აუდიტის ანგარიშისა და გამოძიების დაწყების თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და განცხადებას ავრცელებს.
როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013-2014 წლების ანგარიში შეიცავს მხოლოდ ცალკეულ მოსაზრებებსა და შეხედულებებს ცესკოს ფინანსური ოპერაციების შესახებ და მასში საერთოდ არაა ნახსენები რაიმე სახის კანონდარღვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან.
ამავე განცხადების თანახმად, საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემის კანონიერების საკითხზე, რის თაობაზეც პროკურატურამ ოფიციალური წერილით მიმართა სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს“ და გაითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საზოგადოებას გააცნოს პოზიცია ბოლო პერიოდში ცალკეული მედიასაშუალებებით გავრცელებულ გადაუმოწმებელ და არასწორ ინფორმაციებზე აუდიტის ანგარიშისა და გამოძიების შესახებ.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013-2014 წლების ანგარიში შეიცავს მხოლოდ ცალკეულ მოსაზრებებსა და შეხედულებებს ცესკოს ფინანსური ოპერაციების შესახებ და მასში საერთოდ არაა ნახსენები რაიმე სახის კანონდარღვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან. აუდიტის ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებების უდიდეს ნაწილს ცესკო არ ეთანხმება და მათ უკვე გასცა დასაბუთებული პასუხი შესაბამისი წესით. ანგარიშის შინაარსიდან გამომდინარე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არც მიუმართავს საქართველოს პროკურატურისთვის.
ამავდროულად, საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემის კანონიერების საკითხზე, რის თაობაზეც პროკურატურამ ოფიციალური წერილით მიმართა სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს“ და გაითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ გამოძიების დაწყებამდე, სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს“, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი ჰქონდა ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც გრანტების ნაწილის, ისე ანგარიშში ასახულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც უახლოეს დღეებში გაიმართება.
საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მეტი სიცხადისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, კანონით დაშვებულ ფარგლებში საზოგადოებას მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია, რათა არ გაჩნდეს პროცესების არასასურველი ინტერპრეტირების შესაძლებლობა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე არასამთავრობო სექტორის მიმართ.
საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ღია ინსტიტუცია დაინტერესებულია პროცესების ობიექტურად, გამჭვირვალედ წარმართვით და მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ პირთან და უწყებასთან, რათა სრულყოფილი პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას.
ამასთან, ცესკო მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციების მედიასაშუალებებით გავრცელებისგან, რამდენადაც ყოველი ასეთი ქმედება აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული ინსტიტუციის, არამედ მთლიანად საარჩევნო პროცესისა და ქვეყნის იმიჯს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები