ვაჟა ბერიძე: პუტინის განცხადება რეალურია და ვიზალიბერალიზაციასთან პირდაპირ კავშირშია

პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის განცხადებით, საქართველო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დღეს დადებით დასკვნას მიიღებს.
როგორც პოლიტოლოგმა „კვირას“ პრეკლუბში აღნიშნა, სწორედ ამ მოლოდინს უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტის მზაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებით.
„ვიზალიბერალიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პერსპექტივის თვალსაზრისით, თუ მას მიზანმიმართულად გამოვიყენებთ. ჩემი მოლოდინია, რომ დღეს დადებით დასკვნას მივიღებთ. ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მოგზაურობა შეეძლებათ, წინგადადგმული ნაბიჯია ყველა მიმართულებით. სწორედ ამას მოაყოლა რუსეთის პრეზიდენტმა განცხადება და არ გამორიცხა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება. ჩვენ ამ გადაწყვეტილებასაც უნდა მივესალმოთ, რომელიც გაუადვილებს საქართველოს მოქალაქეებს არსებობას. ეს 2 თემა ერთ მთლიანობაში უნდა მოვიაზროთ. ჩვენთვის მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენა. ეს მიგრანტებსაც გაუადვილებთ სამშობლოსთან კავშირს“, – აღნიშნა ბერიძემ „კვირას“ პრესკლუბში.
პოლიტოლოგი აღნიშნული მიმართულებით გარკვეულ საფრთხეებსაც არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოში გარკვეული გავლენების გაძლიერებას შეეცდება: „პუტინის განაცხადი რეალური განაცხადია. მას საერთაშორისო მასშტაბით სრულფასოვანი მოთამაშის შეგრძნება გაუჩნდა და ასევე გაუჩნდა გეოპოლიტიკური ინტერესები სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ პოზიტიური ინტერესების გამოყენებაზე ქვეყნის სასარგებლოდ. უნდა ვიფიქროთ ჟენევის ფორმატის სასიცოცხლო ფორმატად გადაქცევასა და ასევე „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატის გამოყენებაზეც“.
როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების ზედმიწევნით შესასრულებლად მაქსიმალურად უნდა მოემზადოს, თუმცა, მისივე თქმით, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ შედეგები უახლოეს წლებში დადგება და ეკონომიკური კუთხით გაუმჯობესებას მყისიერად ვიგრძნობთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები