პრეზიდენტი ხელს აწერს მოწმეთა დაკითხვის წესის 20 თებერვლამდე გადავადებას
საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადებას 20 თებერვლამდე, რაც ტექნიკური მიზეზებითაა განპირობებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით აკვირდებოდა და მომავალშიც დააკვირდება პარლამენტში მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით მიმდინარე მსჯელობას და მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით სწორედ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პარლამენტი მოწმეთა დაკითხვის ახალ წესზე რეგულაციებს მიიღებს.
“დღეს საქართველოში გამოძიების პროცესი მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 1998 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი მოქმედებს. მიმდინარე წლის 31 დეკემბერს უნდა ამოქმედდეს 2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის ახალი კოდექსით გათვალისწინებული მოწმის დაკითხვის ახალი წესი, თუმცა გუშინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და გუშინვე წარუდგინა ეს ცვლილებები საქართველოს პრეზიდენტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტმა, ნაცვლად 31 დეკემბრისა, მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების თარიღად 2016 წლის 20 თებერვალი განსაზღვრა”, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.