მთავარი პროკურორის მოადგილე: ელისაშვილის განცხადება არის სიცრუე
რბილად რომ ვთქვათ, ეს განცხადება იყო სრული სიცრუე – ასე ეხმაურება მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
როგორც მთავარი პროკურორის მოადგილემ განაცხადა, გოგაძე ელისაშვილს ერთხელ შეხვდა და შეხვედრა ელისაშვილის პირად საკითხს დაეთმო. მისივე თქმით, შეხვედრაზე შეწყალების კომისიაზე და რაიმე სახის კორუფციულ გარიგებებზე საუბარი არ ყოფილა.
“რბილად რომ ვთქვათ, ეს განცხადება იყო სრული სიცრუე. მე მას მართლა შევხვდი იმ პერიოდში. ეს ეხებოდა მის პირად საკითხს. მისი თხოვნის შესაბამისად, ეს ეხებოდა მისი ახლობლის პრობლემას. სკოლის მასწავლებელი, თუ დირექტორი, იყო დაზარალებული სისხლის სამართლის საქმეში. ითხოვდა დახმარებას, რათა მისი ახლობლის მიერ დაკარგული თანხის დაბრუნებაში პროკურატურა როგორმე დახმარებოდა, ვინაიდან ეს იყო დიდი ხნის საქმე. შეხვედრას, მადლობა ღმერთს, ესწრებოდა იმ რაიონის პროკურორი, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ამ რაიონზე და ასევე ჩვენი სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ამ პიროვნებას ერთხელ შევხვდი და ზუსტად მახსოვს, რა საკითხზეც ვესაუბრე”, – განაცხადა გოგაძემ.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საქმე 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს.
ალეკო ელისაშვილის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ელისაშვილმა დაკითხვაზე შესვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, ის აპირებს პროკურატურაში იმ ადამიანების სახელი და გვარები დაასახელოს, ვინც შეწყალების საქმეში კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდა. ელისაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე წელიწადნახევრის წინ, როგორც მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა, თუმცა, მათგან ამ ფაქტებს რეაგირება არ მოჰყოლია.