პროკურატურაში ალეკო ელისაშვილის დაკითხვა დაიწყო

საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკითხვა დაიწყო. პროკურატურაში დაბარების მიზეზი ელისაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას უკავშირდება იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი, პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ, ფულს იღებს.
როგორც ელისაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის მხრიდან გამოძიება ეფექტურად წარიმართება, მაღალჩინოსნების სახელებს და გვარებს გაასაჯაროებს.
“მე წელიწადნახევრის წინ ვუთხარი სახელი და გვარები პროკურატურას და ვაპირებ დღესაც გავიმეორო მათი სახელები და გვარები, ვინც ფულს იხდიდა, ვისშიც ფულს იხდიდნენ და ვინც ფულს იღებდა. კიდევ ერთმა ადამიანმა დამიდასტურა, რომ მზად არის, ჩვენება მისცეს”, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, ელისაშვილი აღნიშნულ საკითხზე მთავრობის წევრებსაც ესაუბრა.
“ამის შესახებ წელიწადნახევრის წინ ინფორმაცია მივაწოდე გიორგი ბადაშვილს, თუმცა ბადაშვილმა ყური არ შეიბერტყა. ამ საკითხზე ვესაუბრე მის მოადგილეს – გიორგი გოგაძესაც, ასევე პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელსაც უშუალოდ ევალება სამართალდამცველ უწყებებთან ურთიერთობა, გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და თინა ხიდაშელს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები