სასჯელაღსრულების N16 დაწესებულებაში თიხის დამუშავებისა და შრომითი თერაპიის კურსი დასრულდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის დაწესებულებაში თიხის დამუშავებისა და შრომითი თერაპიის 3-თვიანი კურსი დასრულდა.
უწყების ინფორმაციით, კურსს თერაპიული დატვირთვა ჰქონდა და მასში 14 ბენეფიციარი იყო ჩართული. კურსის დასრულებასთან დაკავშირებით დაწესებულებაში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა და მონაწილე მსჯავრდებულებს დაწესებულების ხელმძღვანელობამ სიგელები გადასცა.
პროექტი „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ მიერ განხორციელდა, სამი თვის განმავლობაში მსჯავრდებულები თიხაზე მუშაობდნენ და სურვილის მიხედვით სხვადასხვა სახის ნივთებს აკეთებდნენ. პროცესში ორი სოციალური მუშაკი და ერთი ფსიქოლოგი იყო ჩართული.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დაწესებულების 2 სოციალური მუშაკი და ერთი ფსიქოლოგი იყო ჩართული პროექტში. მუშაობის პროცესმა ძალიან დადებითი გავლენა მოახდინა ბენეფიციარებზე, მათ გამოთქვეს კურსის გაგრძელების სურვილი და პროექტი დაწესებულებაში უკვე ჩვენ მიერ გაგრძელდება“, – განაცხადა სოციალურმა მუშაკმა, სალომე ქორიძემ.
მსჯავრდებულების განცხადებით თიხაზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
„ძალიან კმაყოფილები დავრჩით თიხაზე მუშაობის პროცესით, მანამდე არასოდეს მქონია თიხასთან შეხება, ავითვისეთ და ძალიან მოგვეწონა. თიხაზე მუშაობამ ჩვენში ძალიან დადებითი ემოციები გამოიწვია, პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ნამდვილად არ გვეგონა ასე თუ მოგვეწონებოდა. სიმშვიდე გვაქოვნინა, თვითრეალიზება მოვახდინეთ, გვინდა მომავალშიც გავაგრძელოთ ეს საქმე და, როგორც ვიცით, გაგრძელდება კიდეც“, – განაცხადა მსჯავრდებულმა.