დავით უსუფაშვილი „ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ „ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელს, ჰანს ვან ბაალენს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე და ევროპულ პოლიტიკურ პარტიებსა და ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე.
„ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი გვყავს საქართველოში, „ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ახლად არჩეული ხელმძღვანელი, ბატონი ვან ბაალენი, რომელიც წლების განმავლობაში ლიბერალურ ინტერნაციონალს ხელმძღვანელობდა. იგი არის ევროპარლამენტის წევრი და ნიდერლანდებში ერთ-ერთი გამორჩეული, წარმატებული პოლიტიკოსი. ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. სასიამოვნოა, რომ ის საქართველოში ჩამობრძანდა. იგი დაესწრება „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობას, შეხვდება სხვა პოლიტიკოსებს საქართველოში და მოხარული ვარ, რომ მქონდა მისი მასპინძლობის შესაძლებელობა, იმიტომ, რომ ბატონი ვან ბაალენი არის ჩვენი მხარდამჭერი ყველა იმ საკითხში, რაზეც ვმუშაობთ ევროპაში, მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესში.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ ამ საკითხებზე, აგრეთვე იმაზე, თუ როგორ შეიძლება უფრო ნაყოფიერი გახდეს ურთიერთობა ევროპულ პოლიტიკურ პარტიებსა და ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ეს ძალიან გვჭირდება ჩვენ, რათა პოლიტიკური კულტურის და პოლიტიკური ცხოვრების დონე ავამაღლოთ და დავამკვიდროთ ჭეშმარიტი მრავალპარტიულობა. ჰოლანდიაში ეს დიდი ხანია მიღწეულია, სადაც პარტიები ერთმანეთთან კონკურენციის რეჟიმში არიან არჩევნებამდე და თანამშრომლობის რეჟიმში – არჩევნების შემდეგ. ჩვენ ამ ტიპის რეალობა უნდა დავამკვიდროთ და ამაში დაგვეხმარებიან ჩვენი კოლეგები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები