“ვფიქრობ, პრეზიდენტი გაითვალისწინებს იმ რჩევებს, რაც საბჭოს წევრებმა მას მისცეს კონკრეტულ საკითხებზე”

4 საათის განმავლობაში იყო ძალიან სერიოზული მსჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, სამხედრო აღმშენებლობის საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი განიხილებოდა რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე.
“4 საათის განმავლობაში იყო ძალიან სერიოზული მსჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, სამხედრო აღმშენებლობის საკითხებზე. ცხადია, ეს ყველაფერი იხილებოდა რეგიონში მიმდინარე მოვლნების ფონზე, იმიტომ, რომ ვითარება საკმაოდ დინამიურია, ცვალებადია. უშიშროების საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა ქვეყნის თავდაცვის კონკრეტული მიმართულებები და არსებულ საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირების მექანიზმები. რამდენიმე საკითხზე ჩვენ მივეცით კონკრეტული რჩევები ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს და უკვე პრეზიდენტის აქტით გაფორმდება სათანადო გადაწყვეტილებები. ესენია: არსებულ საფრთხეებზე, გამოწვევებზე ქვეყნის თავდაცვის კონკრეტული მიმართულებები და გეგმები.
არის საკითხები, რომლებზეც მსჯელობა გაგრძელდება, იმიტომ, რომ ცალკეული თემები დასამუშავებელია სამხედრო უწყებების მიერ, მათ შორის, ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდაცვის საშუალებების მდგომარეობის თაობაზეც ვისაუბრეთ. ვფიქრობ, რომ იყო საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა და იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს იმ რჩევებს, რაც უშიშროების საბჭოს წევრებმა მას მისცეს ამ კონკრეტულ საკითხებზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები