პრეზიდენტმა დავით პატარაიას საჯაროდ მადლობა გადაუხადა
დავით პატარაია 2 წელი უმნიშვნელოვანეს თანამდებობებს ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, დავით პატარაიამ გადაწყვიტა დაბრუნებოდა აკადემიურ საქმიანობას.
“მე მინდა საჯაროდ ვუთხრა მადლობა ჩემს მეგობარს და ჩემი გუნდის წევრს, ბატონ დავითს. მან გადაწყვიტა დაბრუნებოდა აკადემიურ საქმიანობას და საჯაროდ მინდა წარმატება ვუსურვო ამ მიმართულებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი უფროსი გიორგი აბაშიშვილი ჩვენი გუნდის აქტიური წევრია და მე მასაც ვუსურვებ წარმატებას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ,რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა შესაბამისი განკარგულება დღეს გამოსცა. დავით პატარაია, რომელიც დღემდე ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.