გულიკო ზუმბაძემ აზერბაიჯანული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების გამოფენა დაათვალიერა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე პროექტის: „ხელით ნაქსოვი აზერბაიჯანული ხალიჩები – ტრადიციის შენარჩუნება“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოწყობილი აზერბაიჯანული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების გამოფენა დაათვალიერა და აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის მიერ გამოცემული აზერბაიჯანელი და ქართველი ავტორების წიგნებს და თარგმანებს გაეცნო.
„გვეამაყება, რომ საქართველო ერთნიკური უმცირესობებისთვის მეორე სამშობლოა. აქ ყველა ეთნიკურ უმცირესობას აქვს საშუალება, რომ თავიანთი კულტურა განავითაროს, დღევანდელი ღონისძიება ამის კიდევ ერთი ნათელი დასტურია. მივესალმები, თუკი ასეთ ღონისძიებებს სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები გამართავენ. მერიის და საკრებულოს მხრიდან, მათ მხარდაჭერა ყოველთვის ექნებათ“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საზეიმო საღამოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, თბილისის ჰეიდარ ალიევის სახელობის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრისა და ქართული და აზერბაიჯანული ინტელიგენციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.