ეკა ბესელია: სააკაშვილმა მოქალაქეობაზე უარი მაშინ თქვა, როცა უკრაინის მოქალაქე გახდა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ფაქტზე კომენტარი გააკეთა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბესელიამ აღნიშნა, სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თავად თქვა და ამ პროცესში მთავრობას ბრალი არ მიუძღვის.
„თუ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა კონსტიტუცია იცის, იქ წერია, რომ ქვეყანაში ორმაგი მოქალაქეობა არ დაიშვება. როდესაც ის უკრაინის მოქალაქეობას იღებდა, მან თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეობა მისთვის სამი კვადრატული მეტრი ფართი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს იყო მისი ასოციაცია მოქალაქეობასთან“, – აღნიშნა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დღეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.