ოთარ დანელიამ და იან კელიმ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ლაბორატორია გახსნეს
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორია საზეიმოდ გახსნეს. დუშეთში მდებარე სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ახალ შენობა, დონორი ორგანიზაციის – აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშენდა.
სოფლის მეურნების სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორმა, ლალი მაძღარაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრსა და აშშ-ს ელჩს ლაბორატორიის ახალი შენობა დაათვალიერებინა და მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნო.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია აგრძელებს ლაბორატორიის შესაძლებლობების გაზრდას არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ რეგიონულ დონეზეც.
LMA-ს ქსელში განხორციელებული პროექტებიდან დუშეთის ლაბორატორია წარმოადგენს დასკვნით ნაწილს, რომლის შედეგადაც საქართველოს მასშტაბით 11 ლაბორატორიის შენობა განახლდა ან საერთაშორისო დონის აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღიჭურვა.
ახალი ლაბორატორიის ამოქმედებით რეგიონულ დონეზე გაიზრდება ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობები, დაინერგება კვლევის საერთაშორისო მეთოდები. ასევე, მომხმარებელთა მოთხოვნების ადეკვატურად, დაინერგება დიაგნოსტირება იმ პარამეტრებზე, რომელიც რეგიონისთვის მოცემულ მომენტში პრიორიტეტულად მიიჩნევა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: სოფლის მეურნეობის მინისტრი მოადგილე იური ნოზაძე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.