კონტროლისა და სკრინინგის მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

ხვალ კიბოს კონტროლისა და სკრინინგის მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით, ხვალ კიბოს კონტროლისა და სკრინინგის მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციას საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, თბილისის მერიის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი პროფ. ა. ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) ხელმძღვანელი პირები და ირანის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დაესწრებიან.
კონფერენციის მუშაობაში, ქართველ ონკოლოგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ონკოლოგები ირლანდიიდან, შვედეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები მათ ქვეყნებში კიბოს კონტროლის და კიბოს სკრინინგის მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და პრობლემურ საკითხებს განიხილავენ. კონფერენციის მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია კიბოს სკრინინგის უახლესი ტესტების გამოყენების შესახებ.
ასევე, ტრადიციულად შეჯამდება კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების 2015 წლის საქმიანობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები