მთიან ყარაბაღში შეიარაღებულ დაპირისპირებას ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
მთიან ყარაბაღში შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ პოზიციებს შეუტია, თუმცა აზერბაიჯანელმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს. “სომხურმა მხარემ დიდი დანაკარგი განიცადა. დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება”, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
თავის მხრივ, მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ აზერბაიჯანულმა დივერსიულმა ჯგუფმა სომხურ პოზიციებს შეუტია, ორმხრივი სროლის შედეგად კი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის საკითხის დასარეგულირებლად საჭიროა, რომ სომხურმა მხარემ აზერაბაიჯანის ის ოკუპირებული მიწები გაათავისუფლოს, რომელიც მას არ ეკუთვნის.