4 წლის გოგონა ბაღს ხშირად აცდენდა – რას აცხადებს საბავშვო ბაღის დირექტორი

3 წლის და 7 თვის გოგონა, რომელიც იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, 29 -ე ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესს ხშირად აცდენდა.
როგორც „კვირას“ 29-ე ბაგა-ბაღის დირექტორმა განუცხადა, გარდაცვალებამდე თ.ძე-მ სხვადასხვა დროს 30 დღე გააცდინა.
„თინათინი პირველად ჩვენს საბავშვო ბაღში, წელს სექტემბერში მოვიდა. მისი დაც ჩვენი აღსაზრდელი იყო. თინათინი სასწავლო პროცესს ხშირად აცდენდა. უჭმელი იყო და დედას გაცილებით ადრე მიჰყავდა სახლში, ვიდრე ეს შესაბამისი დროით იყო გათვალისწინებული.
როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ბავშვის დედამ პედაგოგს დაურეკა და მისი ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. დედის ინფორმაციით, მათ სახლში ჩუტყვავილა თავდაპირველად უფროსს შვილს ჰქონდა და პატარას მისგან გადაედო. დედას პედიატრი გამოუძახებია, თუმცა ექიმს დედისთვის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განუცხადებია. როგორც დედამ აღნიშნა, მას ექიმმა უთხრა, რომ ჩუტყვავილამ სიცხე იცის და ბავშვს სახლის პირობებში გაუვლიდა.
დედის თქმით, მდგომარეობა ძალიან რომ დამძიმდა, ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ უკვე დაწყებული ჰქონდა სეფსისი. სეფსისის ფონზე ბავშვს გაეთიშა ორივე თირკმელი, გაუკეთეს დიალიზი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბავშვი გარდაიცვალა”, – აღნიშნა ლალი ნოზაძემ.
მისი თქმით, ამავე ბაგა-ბაღში სწავლობდა თ.მ-ძის უფროსი დაც, რომელიც წელს პირველად საჯარო სკოლაში წავიდა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში პატარას გარდაცვალების შემდეგ, 29-ე ბაგა-ბაღი დროებით დაიხურა.
“დაწესებულებაში დღეს დეზინფექცია ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩუტყვავილა ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და დეზინფექცია არ შველის, დეზინფექცია მაინც ჩავატარეთ, რომ მშობლები დაწყნარებულიყვნენ და ჩვენც თავი დავიზღვიეთ”, – აღნიშნა ლალი ნოზაძემ.
მისი თქმით, 29-ე ბაგა- ბაღში სასწავლო პროცესი ორშაბათს განახლდება. ცნობისათვის, გარდაცვლილის მშობლები დროებით უმუშევრები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები