ნოდარ ხადური: ჩვენი მიზანი შშმ პირების დეინსტიტუციონალიზაციის უზრუნველყოფაა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საკუთარ ოფიციალურ გვერდზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს გამოეხმაურა, რომელიც მთელ მსოფლიოში 3 დეკემბერს აღინიშნება.
მინისტრის მიმართვაში ნათქვამია, უწყებაში მრავალი შშმ პირი მუშაობს, რაც იმის დასტურია, რომ შეზღუდული შესაძლებლობები პირობითია.
“ფინანსთა სამინისტროში მრავალი შშმ პირი მუშაობს და მათი საქმიანობა იმის დასტურია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ცნება პირობითია – სწორედ მათი აქტიური მუშაობის შედეგად შეიქმნა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდი (http://voice.rs.ge/), რომელიც უსინათლო და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის არის განკუთვნილი.
ფინანსთა სამინისტრო სავიზიტო ბარათების ბეჭდვას ბრაილის შრიფტით იწყებს, რითიც კიდევ ერთხელ ვიზიარებთ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მე-9 მუხლით ნაკისრ ვალდებულებებს. საჯარო მოხელეების სავიზიტო ბარათები უსინათლოთათვის ადაპტირებული ფორმატით დაიბეჭდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, უსინათლოთა კავშირს თანამშრომლობისთვის.
ამ ეტაპზე, ჩვენ ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე, ჩვენი მიზანი შშმ პირების დეინსტიტუციონალიზაციის უზრუნველყოფაა – რაც არ უნდა კომფორტული საზოგადოებრივი ინსტიტუტი შევქმნათ, შშმ პირებს არ ექნებათ ინდივიდუალური განვითარების სრულფასოვანი შესაძლებლობა, თუ მათ გარკვეულ ჩარჩოში მოვაქცევთ. სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის მხრიდან, ამ კუთხით, უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია”,- აღნიშნულია ნოდარ ხადურის მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები