თურქეთის პრეზიდენტი რუსეთს საპასუხო ბრალდებებს უყენებს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მას აქვს ტერორისტული დაჯგუფების – „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ რუსეთთან ნავთობით ვაჭრობის კავშირზე მტკიცებულებები. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება.
„ჩვენ გვაქვს ამის დამადასტურებელი ფაქტები და მათ მთელ მსოფლიოს წარვუდგენთ“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა სირიელი ბიზნესმენი ჯორჯ ჰასვანი დაასახელა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობს ყიდულობს და რომელიც რუსეთის მოქალაქეა. ოთხშაბათს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ თურქეთის უმაღლესი ხელისუფლება და ქვეყნის პრეზიდენტი ერდოღანი სირიელი და ერაყელი „ბოევიკებისგან“ ნავთობის შეძენით არიან დაკავებულნი.