ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ვიცე- პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეუთოს 22-ე მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც 2015 წლის 3 დეკემბერს ბელგრადში ოფიციალურად გაიხსნა.
როგორც “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში პლენარული სხდომის დაწყებამდე, აშშ-ის ინიციატივით საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის წარმომადგენლების ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა, რითაც მინისტრებმა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატეს.
ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს საკითხების, მისი პრობლემატიკის სათანადო წარმოჩენას ორგანიზაციის ფარგლებში. ეუთოს 22-ე მინისტერიალის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ეუთოს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერთან; ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორთან, მაიკლ გეორგ ლინკთან; ეუთოს უმაღლეს კომისართან ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, ასტრიდ თორსთან; ეუთოს წარმომადგენელთან მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩთან და რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა საბჭოს პლენარულ სესიაზეც გამოვა სიტყვით, სადაც განცხადებას გააკეთებს უსაფრთხოების გამოწვევებზე ეუთოს სივრცეში და ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე.