მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გუშინ მედიით გაჟღერებული ინფორმაცია, რომ მარჯვენასაჭიან მანქანებზე დამატებითი გადასახადი წესდება ან იკრძალება მოძრაობა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით – აბსოლუტურად ტყუილია.
მისი განცხადებით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. მინისტრმა განმარტა, რომ იკრძალება რეგისტრაცია და არა – იმპორტი, ტრანზიტი, დროებითი შემოყვანის რეჟიმი, რეექსპორტი.
შესაბამის ცვლილებებს “საგზაო მოძრაობის შესახებ” და სხვა რამდენიმე კანონში მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
“მსგავსი არაფერი იგეგმება. მფლობელებს, ვისაც გააჩნიათ უკვე რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები ან ავტომანქანები გადატანილი საჭით, შეუძლიათ მთელი ცხოვრება გამოიყენონ ეს მანქანები, ჩვენ მათ არ ვეხებით. უბრალოდ იმ თარიღის შემდეგ, რაზეც დღეს ჩვენ შევთანხმდებით, მსგავსი მანქანების რეგისტრაცია აიკრძალება”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოში ძალიან მოდაშია დაშლილი ნაწილებით ვაჭრობა და ასეთი მანქანების იმპორტის შემთხვევაში, მფლობელს შეუძლია, დაშალოს იგი, ვინაიდან რეგისტრაციაში არ გატარდება.
გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სტატისტიკა საგანგაშოა, ვინაიდან, 2015 წლის მონაცემებით, მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი საქართველოში 50%-ს გაუტოლდა.
“ასეთი რამ მსოფლიოს 2 ქვეყანაშია, სადაც მარჯვენასაჭიანი მანქანებით არის ნებადართული გადაადგილება, ეს ქვეყნებია ავღანეთი და ბირმა. თუ ჩვენ გვინდა დავემსგავსოთ ავღანეთს და ბირმას, შეგვიძლია დავრჩეთ იგივე რეჟიმში და გავაგრძელოთ ამ ავტომანქანების იმპორტი. მაგრამ მაქსიმალური პროცენტი ყველა ევროპულ ქვეყანაში არის 10%”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ახალი წესების პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები