ადამ მიხნიკი: საქართველოს მთავრობა სიფრთხილეს იჩენს რუსეთთან მიმართებაში, რაც ჭკვიანურია
ცნობილი პოლონელი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და დისიდენტი ადამ მიხნიკი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა სიფრთხილეს იჩენს რუსეთთან მიმართებაში. მისი შეფასებით, ეს ჭკვიანურია.
მიხნიკმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე “ევროკავშირი – რეალობა და მოლოდინები” ლექცია წაიკითხა.
მას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის შეფასება სთხოვეს, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ ის არ არის ქართველოლოგი და არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, იმისთვის, რომ განცხადებები გააკეთოს.
“თუმცა, ჩემი თვალთახედვით, ის პოლიტიკა, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას, არ არის ცუდი. გრძელდება პროევროპული კურსი, მაგრამ მათ ესმით, რომ ეს არის გრძელი გზა. ამავდროულად ისინი იჩენენ სიფრთხილეს რუსეთთან მიმართებაში, რაც ჭკვიანურია, თუ გავითვალისწინებთ ომის გამოცდილებას. რა თქმა უნდა, ეს იყო პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი წამოეგო ამ პროვოკაციას, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები აფრთხილებდნენ”, – განაცხადა ადამ მიხნიკმა და აღნიშნა, რომ ”არ არის დრო ნაპოლეონის ენით საუბრის მაშინ, როდესაც შენ ხარ სააკაშვილი”. მიხნიკის თქმით, ის ქართულად ვერ კითხულობს, რის შესაბამისადაც, საქართველოს შესახებ მხოლოდ რუსულენოვან პუბლიკაციებს ეცნობა, ”რომლებიც ობიექტურობით შეიძლება არ გამოირჩევა, მაგრამ ახლა არავინ წერს, რომ საქართველო არის პოლიციური სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებებს არღვევენ”.
“როგორც ქართველი, მე, ალბათ, შევხედავდი ერთ ხეს, მაგრამ როგორც პოლონელი ვუყურებ შორიდან მთელ ტყეს. ჩემი შეფასებით, საქართველოში არაა ცუდი სიტუაცია, მაგრამ ქართველები გვანან პოლონელებს იმ მხრივ, რომ რაც არ უნდა იყოს ყოველთვის მაქსიმუმი უნდათ და კმაყოფილები არ არიან”, – აღნიშნა ადამ მიხნიკმა.