დიმიტრი ქუმსიშვილმა მამა ილია კარტოზიას ძმას ჯილდო გადასცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იტალიაში გმირულად დაღუპულ არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ძმას – ნიკა კარტოზიას ჯილდო გადასცა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მამა ილია კარტოზიას გმირობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ორგანიზაცია ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოვებს სხვადასხვა ადამიანებს. სწორედ ამ ორგანიზაციის სამდივნოს 114-ე სესიაზე გადაწყდა არქიმანდრიტ ილია კარტოზიას დაჯილდოება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე. მინისტრის განცხადებით, ასეთი დონის საზღვაო ჯილდო აქამდე საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ მიუღია.
“გასულ კვირას სამუშაო ვიზიტით ვიყავი ლონდონში, სადაც შევხვდი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კოჯი სეკიმიცუს, რომელმაც გადმომცა მამა ილია კარტოზიასთვის დაწესებული ეს ჯილდო. მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელს გმირულად დაღუპული ჩვენი თანამემამულის თავგანწირვის განსაკუთრებული დაფასებისთვის და მათ მიერ დაწესებული ჯილდო მამა ილია კარტოზიას ძმას, ნიკა კარტოზიას”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრმა მამა ილია კარტოზიას ძმას – ნიკა კარტოზიას კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და გამძლეობა უსურვა.
2014 წლის 28 დეკემბერს იტალიურ ბორან “ნორმან ატლანტიკზე” გაჩენილი ხანძრის დროს ქართველი სასულიერო პირი გარდაიცვალა. არქიმანდრიტმა ილია კარტოზიამ ზღვაში განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინა და ცეცხლმოკიდებულ გემზე მიმდინარე სამაშველო ოპერაციის დროს სამაშველო ნავში თავისი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო, თავად გემბანზე დარჩა, რის შემდეგაც მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები