გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ვიზიტით ეწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანთან საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის საკითხებში ფილიპ ჰამონდთან, დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრთან დევიდ ლიდინგტონთან, სახელმწიფო მინისტრთან ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში ფრენსის მოდისთან, ასევე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გაიმართება.
შეხვედრაზე განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.
დღეს ლონდონში გაიმართება საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის – “უორდროპის დიალოგი” – მეორე პლენარული შეხვედრა, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობისა და თავდაცვის საკითხებს მიეძღვნება.
საქართველოს მხრიდან სტრატეგიულ დიალოგს მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კი ევროპულ საქმეთა მინისტრი დევიდ ლიდინგტონი გაუძღვებიან.
“უორდროპის დიალოგის” ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია ბრიტანეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები