“როცა დედამიწა მსუბუქია” – ქართული ფილმი ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე დააჯილდოვეს

ქართული ფილმი “როცა დედამიწა მსუბუქია” ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე დააჯილდოვეს. ფილმმა პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის აიღო. “როცა დედამიწა მსუბუქია” სალომე მაჩაიძის, თამუნა ქარუმიძისა და დავით მესხის ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. IDFA მსოფლიოში დოკუმენტური ფილმების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კინოფესტივალად არის აღიარებული, რომელიც 1988 წლიდან ამსტერდამში იმართება. სხვადასხვა დროს ფესტივალზე წარმატებით მიიღეს მონაწილეობა ქართველმა რეჟისორებმა – ნინო კირთაძემ და თინათინ გურჩიანმა. წელს IDFA-ზე არაერთი ქართული პროექტია მიწვეული. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს უგის ოლტეს “ორმაგი უცხოები”, რომელიც ქართულ – ლატვიური კოპროდუქციაა.
ცირა გვასალია პროექტით “ოთახები” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ 80 ახალგაზრდა დოკუმენტალისტთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ფორუმში IDFAacademy, რომლის ფარგლებშიც ვორკშოპები და მასტერკლასები მოეწყობა. 500 პროექტს შორის ამოარჩიეს რატი ონელის “მზის ქალაქი”, რომელიც დახურულ ექსკლუზიურ ფორმატში Round Table Pitch წარდგება, რაც დაინტერესებული პირებისთვის (სელექტორები, აგენტები) პროექტის წარდგენას გულისხმობს. თომა ჩაგელიშვილის პროექტი “ბერლინის ახალი კედელი” ფესტივალის მარკეტზეა მიწვეული. პროექტი სარაევოს კინოფესტივალზე IDFA Award – ით დაჯილდოვდა, რასაც მარკეტზე მიწვევა მოჰყვა. ასევე, ფესტივალის მარკეტზე Docs for sale მონაწილეობს ნინო გოგუას დოკუმენტური ფილმი “მადონა”, რომელიც IDFA-ზე ჩეხეთის დოკუმენტური ფილმების ინსტიტუტის მიწვევით მოხვდა. ფილმი ფესტივალის მარკეტის ონლაინბაზაში 2 წლის განმავლობაში იქნება, რაც კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს მისი ნახვის საშუალებას მისცემს.
ფესტივალს სპეციალური სტატუსით Observer ესწრება თამუნა გურჩიანი, რომელიც პროექტის “სატრფიალო პასტორალი” პროდიუსერია. პროექტი 2015 წელს ფესტივალის ფონდმა IDFA Bertha Fund-მა დააფინანსა.
ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 29 ნოემბერს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები