რიჩარდ პენია მასტერკლასებს ატარებს
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და ნიუ- იორკის კინოფესტივალის დირექტორი (1988-2012) რიჩარდ პენია თბილისშია. პენია კინოპროფესიონალებისთვის, კინომოყვარულებისთვის და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ატარებს. პირველი მასტერკლასი დღეს, 14:00 საათზე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, თემაზე -„ამერიკული დამოუკიდებელი კინო: ისტორია და პრაქტიკა”.
მეორე მასტერკლასი – “ქალები და სოციალური ცვლილებები” კი 28 ნოემბერს, 16:00 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში ჩატარდება.
რიჩარდ პენია თბილისში პროექტის “კინო და სოციალური ცვლილებები” ფარგლებში ჩამოდის, რომელიც საქართველოში ეროვნული კინოცენტრისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდაჭერით ხორციელდება.
რიჩარდ პენია ცნობილ ჟურნალისტთან და საზოგადო მოღვაწესთან – ადამ მიხნიკთან ერთად პროექტის კურატორია. თავად ადამ მიხნიკი თბილისში 1 დეკემბერს ჩამოვა და 2 დეკემბერს, 19:00 საათზე კინოთეატრ “რუსთაველში” პროექტის – “კინო და სოციალური ცვლილებები” პრეზენტაციას დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მიხნიკის ლექცია-დისკუსია თემაზე: “ევროკავშირი – რეალობა და მოლოდინები”, რომელიც 1 დეკემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.