ნოდარ ხადური: მომავალი წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ ლარს გადააჭარბებს
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მაკროეკონომიკური პარამეტრები წარადგინა. ნოდარ ხადურის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
„მინდა, მაკროეკონომიკური პარამეტრები წარმოგიდგინოთ. მომავალი წლის ბიუჯეტი გადააჭარბებს უკვე 10 მილიარდ ლარს და 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი იქნება. ეს არის ის პარამეტრი, რომელზეც ჩვენ უკვე ავაგეთ ეს ბიუჯეტის პროექტი და წარვადგენთ საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, 2012 წლის ბიუჯეტი 8 მილიარდზე ნაკლები იყო.
„დღეს ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიარდით არის გაზრდილი. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სოციალური ხარჯები, ადამიანებზე ზრუნვა პრიორიტეტია, ჯანდაცვის პროგრამაზე ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ არის უვარგისი პროგრამა. რატომღაც, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა თურმე არ უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი“, – განაცხადა ხადურმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასაშუალებებს თხოვნით მიმართა, აღნიშნული ინფორმაცია მოსახლეობას მიაწოდონ. „მედიასაშუალებებს მინდა მივმართო თხოვნით, რომ ეს ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ანგარიშს ვაბარებთ მოსახლეობას და გთხოვთ ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ“, – განაცხადა პრემიერმა.