გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესის წარმმართველი დოკუმენტი გახდა ასოცირების ხელშეკრულება

საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესის წარმმართველი დოკუმენტი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი რეფორმები, გახდა ასოცირების ხელშეკრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, გლობალური სტაბილურობის თვალსაზრისით, საქართველო ყოველთვის პასუხისმგებლიანი იყო და ქვეყნის შეიარაღებული ძალები ყველა მნიშვნელოვან მისიაში იყვნენ ჩართულნი.
“ჩვენი ქვეყანა თავიდანვე ძალიან პასუხისმგებლიანი იყო იმ საკითხებში, რაც ეხებოდა გლობალურ სტაბილურობას, უსაფრთხოებას და თავიდანვე ჩვენი შეიარაღებული ძალები და სამხედროები იყვნენ ჩართულნი ფაქტობრივად ყველა იმ უმნიშვნელოვანეს მისიებში, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური პარტნიორების ეგიდით. ეს პასუხისმგებლობა ნათლად თანამიმდევრულია და ის დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან. ამ პასუხისმგებლობას საქართველო დღესაც ახორციელებს და აქტიურად ავითარებს თავის პოლიტიკას გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით – პასუხისმგებლიანი ქვეყნის და პასუხისმგებლიანი მოთამაშის თვალსაზრისით.
მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელზეც მე ვისაუბრე, მიუხედავად იმ გარემოსი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, იმ სირთულეებისა, რომელიც სულ უფრო და უფრო აქტიურდება, სამწუხაროდ, ჩვენი საარსებო გარემო და არეალი არ გამხდარა უფრო მშვიდი. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ტრაგიკული ტერორისტული აქტები, რომელიც განხორციელდა საფრანგეთში და არა მხოლოდ იქ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ სირთულეებისა, რომელიც საქართველოს აქვს, მაინც აქტიურად ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს. “რეალურად, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდეც და ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესის წარმმართველი დოკუმენტი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი რეფორმები, გახდა ასოცირების ხელშეკრულება. ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, ასევე იმ რეგულაციების დანერგვა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები