გარემოს დაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროსა და „ეკოვიჟენს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და კავშირმა მდგრადი განვითარებისათვის – „ეკოვიჟენმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
ხელშეკრულებას ხელი მინისტრებმა და კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები სკოლამდელ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში მდგრად გარემოსდაცვით საგანმანათლებლო პროექტებს ერთობლივად განახორციელებენ.
მემორანდუმის მიზანია, საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.
კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/EcoVision“ 2001 წელს დაარსდა. კავშირის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. ორგანიზაციამ “ეკოხედვა/ECOVISION” დაარსების დღიდან, გარემოს დაცვის სფეროში, შეასრულა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული 50-ზე მეტი პროექტი.