სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი – მე-60 შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა წინა შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები განიხილეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ქართულმა მხარემ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სამი მოქალაქის გატაცების საკითხი დააყენა და აღნიშნული ფაქტები დაგმო. ქართული მხარის წარმომადგენლებმა ასევე დააყენეს დღესასწაულებზე სალოცავებზე წვდომის საკითხი და მიმდინარე წლის 23 ნოემბერს აძვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტი გააპროტესტეს.
დღის წესრიგში იყო მიმდინარე წლის 19 ნოემბერს რუსული სამხედრო შვეულმფრენის მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემებიც განიხილეს. განხილულ საკითხებს შორის ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საკითხი. ცნობისთვის, ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 16 დეკემბერს გაიმართება. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები