შს სამინისტროში მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის – “ვინ მოკლა ილია” ჩვენება გაიმართა
შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის – “ვინ მოკლა ილია” ჩვენება გაიმართა. უწყების არქივის მიერ გადაღებული, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება სამხედრო მოსამსახურეებისთვის გაიმართა. ფილმი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის ქრონიკას მოიცავს და შსს-ს არქივში დაცულ სისხლის სამართლის საქმის მასალებზეა დაფუძნებული.
სამინისტროს ცნობით, კინოჩვენებას, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ესწრებოდნენ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები: სცენარის ავტორი და რეჟისორი მიხეილ ბერინაშვილი, პროდიუსერი ეკა კაციტაძე და ისტორიკოსი თენგიზ სიმაშვილი. ისინი ჯარისკაცებს ფილმის გადაღების პროცესსა და ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გარემოებების გამოძიებაზე ესაუბრნენ. ღონისძიება მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეთა ცნობიერების ამაღლებას. შსს-ს არქივის ხელშეწყობით, მსგავსი ტიპის კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.