“ყველა ვალდებულება, რაც საქართველოს მთავრობას ეკისრებოდა, შესრულებულია და ამას ევროკავშირი აღიარებს”
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ უვიზო მიმოსვლის მისაღებად ყველა ვალდებულება შეასრულა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა ვიზალიბერალიზაციის მისაღებად საჭიროა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს.
“რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ამ სამი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ყველა ვალდებულება შესრულებული ყოფილიყო. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, ამაყად, რომ ყველა ვალდებულება, რაც საქართველოს მთავრობას ეკისრებოდა, შესრულებულია და ამას ევროკავშირი ერთხმად აღიარებს. ეს პროცესი დაიწყო ჩვენ დროს, მანამდე რატომღაც ამაზე არავინ ფიქრობდა, მოლდოვამ ეს გაცილებით ადრე დაიწყო და მათ უვიზო მიმოსვლა აქვთ. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს პოზიტიური გადაწვეტილება იქნება. რა თქმა უნდა შემდეგ 28-ვე წევრი უნდა დაეთანხმოს აღნიშნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი პროცესი, შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს ამას გამომდინარე იქიდან, რაც ევროპაში ხდება, ესეც გასათვალისწინებელია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი დასრულებული და შესრულებულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.