ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე თანამდებობიდან გადააყენეს.
როგორც თამაზ თურმანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მისი და საკრებულოს თავმჯდომარის, ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრის ირაკლი ჭეიშვილის შეხედულებები როგორც პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებაში, ასევე, კოალიციის სუბიექტებთან დაკავშირებით, განსხვავებული აღმოჩნდა.
“რა პრინციპებიც 2012 წელს მქონდა, იგივე პრინციპებზე ვარ და “ქართული ოცნების” დატოვებას არ ვაპირებ. ჩემი შეხედულებები მაქვს პოლიტიკურ ოპონენტებთან თუ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებით. სწორედ ეს გახდა ირაკლი ჭეიშვილსა და ჩემს შორის გაუგებრობის მიზეზი, ჩვენ სხვადასხვა მიდგომა გვაქვს ამ მხრივ. ჩემი გადაყენების თაობაზე ფრაქციის წევრებს უნდა დაეჭირათ ერთი ან მეორე მხარე, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა განხეთქილება. გადაყენების საკითხი შეთანხმებული იყო “ქართული ოცნების” რეგიონულ მდივანთან. ხშირად იკრიბებოდა ფრაქცია, თუმცა წელიწადნახევრის განმავლობაში 5 ოქმის მეტი არ შემდგარა, გამომდინარე იქიდან, რომ ამის აუცილებლობა არ იყო”, – განაცხადა თამაზ თურმანიძემ. ვინ უხელმძღვანებელს ფრაქცია “ქართულ ოცნებას”, ჯერჯერობით უცნობია.