გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის ელჩის გამოსამშვიდობებელ შეხვედრას დაესწრო
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – იუე ბინთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრას დაესწრო.
გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართა.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები განსაკუთრებით განვითარდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩს ორი ქვეყნის მეგობრობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ოქროს საწმისის ორდენი გადასცა. დიპლომატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსახსოვრა სიმბოლური საჩუქარი – ხომალდი, ჩინური წარწერით: „კეთილდღეობა“ და აღნიშნა, რომ ის ჩინეთში წარმატებისა და წინსვლის სიმბოლოა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იუე ბინს, რომელიც საქართველოში ორი წლისა და ორი თვის განმავლობაში მსახურობდა, საქმიანობის ვადა კვირის ბოლოს ეწურება.