iPhone+: ეს იყო ხუმრობა და, აგრესიის გამოხატვის ნაცვლად, უნდა გაგცინებოდათ
iPhone+ – ში არ იზიარებენ მოსაზრებას, რომ მათ ვებგვერდზე განთავსებული ვიდეორგოლი, რომელმაც სოციალურ ქსელში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, პროვოკაციული ხასიათისაა.
როგორც “კვირასთან“ საუბრისას iPhone+ -ის წარმომადგენელმა გოგა თირქიამ განაცხადა, სარეკლამო რგოლში წარმოდგენილი პერფორმანსი არის ხუმრობა და არანაირ უარყოფით მესიჯს არ შეიცავს. სოციალურ ქსელში გამოთქმული ნეგატიური შეფასებების მიუხედავად, iPhone +-ში მიაჩნიათ, რომ ნიღბიანი და “შეიარაღებული“ თანამშრომლების მიერ დადგმული პერფორმანსი მათ იმიჯზე უარყოფითად არ იმოქმედებს. თირქია ამბობს, რომ ვიდეორგოლში წარმოდგენილი დადგმა სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ნორმებში.
„არ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ ეს არის პროვოკაციული ვიდეორგოლი. ეს არის პერფორმანსი, მარტივი ხუმრობა და მეტი არაფერი. ეს ვიდეო არ შეიცავს ნეგატიურ მესიჯს და არ უნდა განვიხილოთ ამჟამად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. თანამშრომლებს აცვიათ APPLE-ს ლოგოიანი მაისურები და ეს ყველაზე მეტად სასიხარულოა ჩვენთვის. ისინი არიან ჩვენი თანამშრომლები და არაფერი საერთო არ აქვთ “ისლამურ სახელმწიფოსთან“.
ვფიქრობთ, ამ ვიდეორგოლის მნახველებს აგრესიის გამოხატვის ნაცვლად უნდა გასცინებოდათ, მარტივად უნდა შეეხედათ ამ პერფორმანსისთვის. თუმცა ყველას ინდივიდუალური შეხედულება აქვს და ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი რეაქცია. ჩვენ ვფიქრობთ, სერიოზულ ჭრილში არ უნდა შევხედოთ ამ დადგმას“,-განუცხადა “კვირას“ iPhone + -ის წარმომადგენელმა.
ინტერნეტსივრცეში iPhone+ – ის პროვოკაციული სარეკლამო რგოლი ვრცელდება. ვიდორგოლში iPhone+ – ის თანამშრომლები, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მსგავსად არიან გამოწყობილნი, მათ „ავტომატები“ უჭირავთ და კონკურენტებს ემუქრებიან. ვიდეოს თან ერთვის ქართული ტიტრები, სადაც წერია, რომ iPhone+ იანვრიდან ხდება APPLE-ის ოფიციალური პარტნიორი. ისინი ძლიერი კონკურენციით იმუქრებიან. სარეკლამო რგოლის მონაწილეები „პერფორმანსს“ იარაღიდან გასროლის იმიტაციით ასრულებენ. ვიდერგოლმა სოციალური ქსელის მომხმარებლების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ვიდეო iPhone+ – ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.