ნოდარ ხადურმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თბილისის საკრებულოს შენობაში მივიდა და საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ფინანსთა მინისტრმა მწუხარება გამოთქვა საფრანგეთის დედაქალაქში განხორციელებული შემზარავი ტერორისტული აქტების გამო, რომლებმაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლეს და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
„მე, ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი, შემძრა იმ საზარელმა შემთხვევამ, რომელიც პარიზში, მსოფლიოს ამ ულამაზეს ქალაქში მოხდა. 19 ეროვნების 130-მდე ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის არიან ქრისტიანები, მუსულანმები, იუდეველები, სხვა რელიგიის წარმომადგენლები და არიან ათეისტები. მინდა ვთქვა, რომ რელიგიას აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის დანაშაული, რომელიც მიმართულია კაცობრიობის წინააღმდეგ და მთელი მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილის ვალია, ერთად დადგეს და ებრძოლოს ტერორიზმს, ამ საშინელ სენს, რომელიც ცდილობს ტერორში ამყოფოს მოსახლეობა. მე ვუსამძიმრებ ფრანგ ხალხს, ვუსამძიმრებ საფრანგეთის ხელისუფლებას, განსაკუთრებით დაღუპულთა ოჯახის წევრებს. იმედი მაქვს, რომ საფრანგეთი ღირსეულად გადაიტანს ამ შეტევას და გააგრძელებს როგორც ტერორიზმთან ბრძოლას, ისე აღმშენებლობას. საფრანგეთი ევროპაში ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფოა და დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ბევრი პრობლემის მოგვარება იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები